კვებითი აშლილობა - ანორექსია, ბულემია

კვებითი აშლილობა არის წონის კონტროლისა და მკაცრი დიეტების გამო კვების გაუკუღმართება, რაც ჯანმრთელობის დარღვევებს იწვევს. კვებითი აშლილობა ორი რადიკალურად განსხვავეული ფორმით ვლინდება - ნერვული ანორექსიითა და ნერვული ბულიმიით. ანორექსიითა და ბულიმიით ავადდებიან 12-25 წლის ქალები.

ნერვული ანორექსია კვების მოთხოვნილების არქონაა. ამ დროს ადამიანი არანორმალურად ზრუნავს სიგამხდრის მიღწევისთვის, ახასიათებს საკუთარი სხეულის გამოსახულების დამახინჯებული წარმოსახვა და წონის მოსალოდნელი მატებისადმი ავადმყოფური შიში, მენსტრუალური დარღვევები, ორგანიზმის გამოფიტვა. ნერვული ანორექსიით დაავადებულთა უმრავლესობა თავის თავს აღიქვამს ჭარბწონიანად მაშინაც კი, როცა შიმშილობენ და საკვები ნივთიერებების საგრძნობ დეფიციტს განიცდიან. საჭმლის მიღებისას წონის მუდმივი კონტროლი მათი აკვიატებული იდეებია. ანორექსიით შეპყრობილი ხშირად იწონება და წონის საკვებს, ითვლის კალორიებს, ღებულობს მის მიერვე განსაზღვრულ პროდუქტს ძალიან მცირე რაოდენობით. გარდა ამისა, ავადმყოფები ზედმეტი დატვირთვით ვარჯიშობენ. აღენიშნებათ დეპრესია, მოუსვენრობა, დაბალი თვითშეფასება.

ნერვული ბულიმიის დროს აღინიშნება პათოლოგიურად მომატებული შიმშილის გრძნობა. მას თან ახლავს სიმაძღრის განცდის დაქვეითება, რასაც შედეგად საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მოჰყვება. ზოგჯერ ბულიმიის მიზეზი არასწორი გახდომაა. კვების არასწორად შეზღუდვა გამუდმებული შიმშილის გრძნობას აღძრავს. რაღაც ეტაპზე ადამიანი თავს ვეღარ იკავებს და იწყებს იმაზე უფრო მეტის ჭამას (როგორც წესი მალულად), ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. შემდეგ ფიქრობს, როგორ მოიცილოს ათვისებული კალორიები. ამისთვის ხელოვნურად გამოწვეულ პირღებინებას მიმართავს. ზოგჯერ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებსაც იყენებს. „გაწმენდის“ ციკლები, ჩვეულებრივ, მეორდება კვირაში რამდენჯერმე. პირნაღების მასის მჟავა რეაქცია აზიანებს კბილების გარე შრეს, იწვევს საყლაპავის ანთებას და სხვადასხვა დაზიანებებს. ხშირი ღებინებისგან ზიანდება მუცლის ღრუს ორგანოები. ბულიმიით შეპყრობილ ადამიანებს უჩნდებათ საკუთარი თავისადმი ზიზღი და სიძულვილი.

ნერვული ანორექსია და ბულიმია ორგანიზმს ფიტავს, მწყობრიდან გამოჰყავს. ზიანდება ფაქტობრივად ყველა ორგანო. განსაკუთრებით აღსანიშნავია გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ხშირია გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, ანემია, კუჭის ტკივილი, კუჭის წყლულოვანი დაავადებები. პირღებინების გამო ჩნდება საყლაპავის ნახეთქები, წყლულები და რიგ შემთხვევებში იწყება სისხლის ჟონვა. ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევას, უნაყოფობას იწვევს. თუ ქალი დაორსულდა, შესაძლოა მუცელი მოეშალოს ან ნაყოფის ფიზიკურ განვითარებას შეექმნას საფრთხე. აღინიშნება ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი. გარდა ფიზიკურისა, ნერვული ანორექსია და ბულიმია იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევასაც. მას თან ახლავს თვითშეფასების ძლიერი დაქვეითება, დეპრესია, საკუთარი თავთან დაკავშირებული ეჭვები, საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა,უმიზეზო სირცხვილის გრძნობა. ეს დაავადებები განსაკუთრებით მოზარდობის ასაკშია გავრცელებული - ამ დროს კი მოზარდს უყალიბდება იდენტობა.

კვებითი აშლილობების გამომწვევი მიზეზები ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. მკურნალობისას მიმართავენ როგორც მედიკამენტოზურ ჩარევებს, ისე ინდივიდუალურ და ოჯახურ ფსიქოთერაპიის კურსებს.

ახალი მოთხრობები

ლანკაშრული ჩათუშული - გაიგეთ რა არის ლანკაშრული და როგორია ლანკაშრული ჩათუშულის რეცეპტი. საუკეთესო ბრიტანული კერძის რეცეპტი.
ველინგტონი - გაიგეთ რა არის ხორცის ველინგტონი და წაიკითხეთ ჩვენი ველინგტონის რეცეპტი. საუკეთესო კერძების დეტალური განხილვა და რეცეპტები